საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკ კოლეგას პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტს და ქართულ დელეგაციას, დღეს, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ, სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრეს.

ანდრეი კისკამ ქართველ კოლეგას საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და დახმარება აღუთქვა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების შესაძლებლობათა ფონზე საქართველო-სლოვაკეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტს რიგისა და უელსის სამიტების გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის სახელით მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც ევროპის კარიბჭის მნიშვნელობა და, რომ ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე.

გიორგი მარგველაშვილმა ანდრეი კისკა საქართველოში მოიწვია. შეხვედრის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვლი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები