გიორგი მარგველაშვილი დევიდ კემერონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონს შეხვდა.
დევიდ კემერონმა ღრმა მწუხარება გამოთქვა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და ქართველ ხალხს სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
პრეზიდენტმა დევიდ კემერონს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.
ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მკაფიო განცხადებები და პოზიცია, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ „ხელშეკრულებების“ დაუშვებლობის შესახებ.
თავის მხრივ, დევიდ კემერონმა ქართულ მხარეს ევროინტეგრაციისა და უელსის ნატოს სამიტის არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა. მხარეებმა რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატო-სა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რაც ხელს უწყობს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.