კახა კალაძე: როგორ განაწილდება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფინანსური დახმარება, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის განაცხადებით, საუბარი იმაზე, რომ არ იყო კოორდინაცია და არასწორად მოქმედებებდა შესაბამისი სამსახური, არის პოლიტიკური სპეკუაციები.
კახა კალაძემ ეს განმარტება ჟურნალისტებთან იმ კითხვის კომენტირებისას აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იწყებენ მონიტორინგს იმისას, თუ როგორი იყო კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის სტიქიის ღამეს და დაუშვეს თუ არა შეცდომები.
“მესმის გარკვეული ტელევიზიების, გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ თავიანთი ინტერესების გატარება, მაგრამ მე დღეს ვფიქრობ, ძალიან უჭირს ჩვენს დედაქალაქს, ეს ჩვენთვის – დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის, დიდი დარტყმა იყო.
ყველა სამსახური, დაწყებული მერია, შსს, ყველა სამინისტრო, ვისაც რა შეეძლო, პირველივე წუთიდან იყო მობილიზებული, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას და დაზარალებულებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და შევუმსუბუქოთ ის მდგომარეობა, რაშიც ისინი იმყოფებიან, ამიტომ იმაზე საუბარი, რომ არ იყო კოორდინაცია და არასწორად მოქმედებდა შესაბამისი სამსახური, ვფიქრობ, რომ არის პოლიტიკური სპეკუაციები, რომელსაც გარკვეული ტელევიზია თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო ახორციელებს”, – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძემ იმ საკითხზეც ისაუბრა, თუ როგორ მოხდება სტიქიით დაზარალებულთა დახმარება კონკრეტულად და როგორ გადანაწილდება შემოსული თანხა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ცნობილი იქნება უახლოეს მომავალში, ჯერ უნდა მოხდეს შესწავლა.
“ბევრი ადამიანია, რომელსაც სახლი დაენგრა, ბევრია ისეთი, ვისი სახლიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, ზოგადად, ყველაზე დიდი დაზიანება, დარტყმა მიიღეს სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა; საერთოდ, მე ვფიქრობ, უნდა მოხდეს იმ ტერიტორიის შესწავლა, რამდენად უსაფრთხოა სამომავლოდ იქ ადამიანების ცხოვრება”, – განაცხადა კალაძემ.