გიორგი მარგველაშვილი: სლოვაკეთი კარგი პარტნიორი იქნება საქართველოსთვის
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ცვლილებების გზა განვლო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-სლოვაკურ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელიც ბრატისლავაში დღეს თავად გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობასა და იმ პოტენციალზე გაამახვილა, რომელიც მას გააჩნია, განსაკუთრებით კი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
“დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა ბიზნესი, ურთიერთსასარგებლო ორმხრივი პროექტების განხორციელება და ეკონომიკის განვითარება. საქართველომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ცვლილებების გზა განვლო. გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემები. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მოქნილი საგადასახადო გარემო აქვს და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში წამყვან სარეიტინგო პოზიციებზეა. საქართველომ შეძლო კორუფციის პრობლემის გადალახვა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ჩვენ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადავდგით ეკონომიკური გარემოსა და საქართველოს, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი როლის მქონე სახელმწიფოს განვითარებისათვისაც. “გასულ წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, რამაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური, ბიზნესთანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობები მეტად განავითარა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და, როდესაც განიხილავთ საქართველოსა ბიზნესგარემოსა და მის სამეზობლოს, ნათელია, რომ ყველა, ვინც ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში, ინვესტიციას დებს არა მხოლოდ პატარა, 4 მილიონიან ქვეყნაში, არამედ ასევე საქართველოს გარშემო თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების მქონე ბაზრებზე. სწორედ ეს არის კიდევ ერთი შთამბეჭდავი შესაძლებლობა, რომელსაც საქართველო, როგორც ეკონომიკური ინვესტიციების ქვეყანა საკუთარ პარტნიორებს სთავაზობს”, – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველოს სატრანზიტო და საკომუნიკაციო მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აქტიურად ასრულებს, როგორც აზიისა და ევროპის შემაკავშირებელი ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის გარდა სიტყვით სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმაც მიმართა. ვაზილ ჰუდაკის თქმით, სლოვაკეთი საქართველოსთვის კარგი პარტნიორი იქნება. “სლოვაკეთი კარგი პარტნიორი იქნება საქართველოსთვის, ვინაიდან ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ და გვაქვს კავშირი ევროპულ ბაზართან. სლოვაკეთმა შეძლო განეცადა სოციალისტურიდან საბაზრო ეკონომიკურ რეჟიმამდე ტრანსფორმაცია. ვიცი, რომ საქართველომაც უდიდეს წარმატებას მიაღწია საბაზრო ეკონიმიკის დემოკრატიზაციის განვითარების საკითხში, ასე რომ ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს აქვთ წარმატებული ეკონომიკური თანამშომლობის კარგი შესაძლებლობა, პროდუქციის ექსპორტისა, თუ მესამე ბაზარზე ერთობლივად გასვლის საკითხებში. ჩემი ღრმა რწმენით დღევანდელი ბიზნესფორუმი კიდევ უფრო დიდ ბიძგს მიცემს და დააჩქარებს ამ პროცესებს”, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი ბრატისლავაში სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროსა და სლოვაკეთის საინვესტიციო და სავაჭრო განვითარების სააგენტო SARIO-ს ორგანიზებით იმართება.