ირაკლი ალასანია: დღეს დამარცხდა უზნეობა, უსამართლობა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ალასანიამ განაცხადა, სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ სიმართლე ყოველთვის დაამარცხებს უსამართლობას.
„სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ სიმართლე ყოველთვის დაამარცხებს უსამართლობას… მე მინდა, პირველ რიგში, უდანაშაულოდ დაპატიმრებულების ოჯახებს მივულოცო, მივულოცო შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს.
ვიცი, ყველა მათგანი ამ დღეს, ამ წამს როგორ ელოდებოდა, რომ ემარჯვა და ეზეიმა სიმართლეს.
ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა საზოგადოებას, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ მართლები. ვისაც სჯეროდა, რომ სიმართლისთვის ბრძოლა ბოლომდე ღირდა. მთელ საქართველოს ვულოცავ. როგორც დღეს დამარცხდა უზნეობა, უსამართლობა, ისე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას შემდეგ არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ბრალდებულები მოსამართლე დავით ჯუღელმა საქალაქო სასამართლოდან პირადი თავდებობით გაათავისუფლა. პირადი თავდებობა დაეკისრათ საქართველოს პარლამენტის წევრებს: ნინო გოგუაძეს, შალვა შავგულიძეს, ზურაბ აბაშიძეს, ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ჩიქოვანს.
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.
წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 26 ივნისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.