შსს-მ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით 4 პირი დააკავა.
შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე – 1979 წელს დაბადებული, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები აიუფ ბორჩაშვილი, ხოლო თბილისში – 1993 წელს დაბადებული გიორგი კ, 1996 წელს დაბადებული გიორგი ხ. და 1991 წელს დაბადებული დავით ფ. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.
დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა თავისი თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები, არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. 2015 წლის 2 აპრილს აღნიშნული პირები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით, ქალაქ სტამბოლში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ აიუფ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გადავიდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზარხველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ. სამართალდამცველებმა თბილისში გიორგი კ. დააკავეს, რომელსაც თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთები ჰქონდა შეძენილი და აიუფ ბორჩაშვილის დახმარებითა და ორგანიზებით სირიაში გადასასვლელად ემზადებოდა. შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს, გიორგი ხ. და დავით ფ. დააკავეს. აღნიშნული პირები ასევე აიუფ ბორჩაშვილის ორგანიზებით თურქეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, საიდანაც სირიაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გადავიდოდნენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 327 პრიმა და 328-ე მუხლებით“,-ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.