„აქ ასეთი ესტაკადის აშენება არ შეიძლებოდა, მშენებლობამდე არ მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, რომ შესაძლო საფრთხეები გათვლილიყო“
„ესტაკადის აშენებისას ბოლომდე მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, გეოლოგია რომ გაკეთებულიყო, ყველა შესაძლო რისკი გათვლილი იქნებოდა“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჩხობაძის განცხადებით, აუცილებელია გეოლოგების, ჰიდროლოგების, გეოდეზისტების და სხვა სპეციალისტებისგან შედგარი ჯგუფი ჩაერთოს საქმეში და ანალიზი დადონ იმისა, რაც მოხდა.
„2011 წელს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეგონათ, რომ არასამთავრობოების ახირება იყო, როცა საუბრობდნენ, არ ჩაეკეტათ ვერე მილში. მაშინ ძალიან ბევრი პრობლემურ საკითხზე ვსაუბრობდით და დღესაც მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ეს იყო არა ახირება, არამედ სიტყვა, რომელიც სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე ვთქვით. აქ ასეთი ესტაკადის აშენება არ შეიძლებოდა. არ ვითხოვდით, რომ არ აეშენებინათ, ჩვენ ვითხოვდით, რომ პროექტს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა გაევლო. ძალიან ჩქარობდნენ. ბოლომდე არ არის გაკეთებული გეოლოგია. გეოლოგიური დასკვნა რომ მომზადებულიყო, ბეთანიის მეწყერი იქნებოდა აღწერილი და ყველა შესაძლო საფრთხე გათვლილი და შეფასებული იქნებოდა.
ბევრი რისკის ზონაა თბილისში. აუცილებელია მომხდარის სერიოზული ანალიზი – გეოლოგების, ჰიდროლოგების, გეოდეზისტების, ნიადაგმცოდნეების. მნიშვნელოვანია იმუშაოს გეოლოგების ორმა ტიპმა, არსებობს როგორც ჩვეულებრივი, ისე ინჟინრული გეოლოგია, ორივე მათგანი უნდა ცაერთოს საქმეში. უნდა იმუშაონ ასევე არქიტექტორებმა და ინჟინრებმა. უნდა იმუშაონ იმაზე, რომ თქვან, რა მოხდა, აქედან კი უნდა გაკეთდეს ანალიზი“,- აღნიშნა ჩხობაძემ. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელი საზოგადოებას თბილისში არსებული სხვა რისკ-ზონების შესახებაც აფრთხილებს.
ჩხობაძის თქმით, უახლოეს ხანებში წვიმებისა და ნალექის გამეორების მაღალი რისკია, ამიტომ აუცილებელია ქალაქში არსებული ყველა მდინარის ხეობას მონიტორინგი ჩაუტარდეს ყველა რისკსაშიში ხევი კი შეფასებული და გაწმენდილი იყოს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრანსპორტის თვალსაზრისით მთლიანად ამ გამტარი უჯრედის რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს. ბევრ ადგილას უნდა მოხდეს მილების დემონტაჟი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვერის ხეობაში ყველანაირი მშენებლობა შეჩერდეს და ყველა არსებული შენობა მდგრადობაზე შემოწმდეს. რაც შეეხება გმირთა მოედანს, აუცილებელია მანამ, სანამ ამოქმედდება მაგისტრალი, გაკეთდეს შესწავლა ქიმინჯების, იმიტომ რომ ვარაზისხევი ასევე აშკარად ადიდებული იყო. ასევე აუცილებელია კონსტრუქციის მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი. უნდა გაკეთდეს დასკვნები, სად რა შეცდომა იყო დაშვებული, რა იყო გასათვალისწინებელი და რა გასაკეთებელი. თბილისში არსებული ყველა მდინარე პოტენციური რისკის ზონაა, – დაწყებული ლეღვთახევიდან, დამთავრებული კრწანისის ხევით, ასევე ლოჭინის ხევით, დიღმულათი, გლდანულათი… ყველა ეს პატარა მდინარე დღეს რისკის ზონაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლავე დაიწყოს ამ ხეობებზე მონიტორინგი. ინახოს, ხომ არ არის რაიმე დაბრკოლება, რამაც შეიძლება მეწყერსაშიში ზონა შექმნას ან ჩახერგვის პროგრესირება გამოიწვიოს. წვიმების გამეორების და ლოკალური ნალექის რისკები ძალიან დიდია. შესაძლებელია ლოკალურად მოხდეს დიდი წვიმები და ნალექი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოტენციური რისკის მატარებელი ყველა ხევი იყოს შესწავლილი, შეფასებული და გაწმენდილი. ამ ხევებზე კი ყველანაირი მშენებლობა უნდა შეჩერდეს“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.