თამარ ბერუჩაშვილი გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ვროცლავის გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ფორუმი 11-12 ივნისს გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არიან “ატლანტიკური საბჭო” (Atlantic Counsil), ვროცლავის მერია და “საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტი” (PISM).

ფორუმს პოლონეთის პრეზიდენტი, ბრონისლავ კომოროვსკი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გჟეგოჟ სხეტინა გახსნიან. ფორუმში მონაწილეობენ: ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, წამყვანი პოლიტიკოსები და ექსპერტები. მათივე ინფორმაციით, ვროცლავის ფორუმზე განხილვის მთავარი თემა ევროპული და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა და უსაფრთხოებაა. წელს ღონისძიების მთავარი ფოკუსი რუსეთიდან მომდინარე გამოწვევები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალია. აღნიშნულ საკითხზე ფორუმის მთავარ მომხსენებლებად საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები და მაკედონიის თავდაცვის მინისტრია წარმოდგენილი.

დისკუსიის “The Road to Europe?” ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგებსა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

ვროცლავის ფორუმის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის დღის წესრიგზე. 2015 წელს, პირველად, ფორუმის ფარგლებში, გაიმართება – “Business Leadership Dialogue”, რომელზეც განიხილება ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციის საკითხები. ვროცლავის ფორუმი წამყვანი ტრანსატლანტიკური კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების, ბიზნესწრეების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები