თეა წულუკიანი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს
მეც მგონია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, ამიტომ მის გაუქმებაზე საუბარი ვერ იქნება.
“ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც შემოტანილია რამდენიმე წლის წინ საქართველოში, თუკი ვიმსჯელებთ იმ პრაქტიკით, რაც ამ ინსტიტუტს დღეს გააჩნია, ვერ ვიტყვით, რომ შეეთვისა ქართულ სამართლებრივ სისტემას. მეც მგონია, რომ ის საჭიროებს გარდაქმნას. მის სრულიად გაუქმებაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება სხვა თუ არაფერი, საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ გარანტიები იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულები არა მხოლოდ იკრიბებოდნენ და ხშირ შემთხვევაში ვერ იკრიბებოდნენ, არამედ თუკი მათ ხარვეზები ან შეცდომები დაუშვეს, არსებობდეს გასაჩივრების მექანიზმები პროფესიონალ მოსამართლესთან, რაც დღეს არ არსებობს”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იგი მომავალ კვირას მთავრობის წინაშე წარდგება და ძალოვან უწყებებს იმ სიახლეების პაკეტს გაუზიარებს, რაზეც ამჟამად მუშაობს.
“მე ვმუშაობ და ძალოვან სტრუქტურებს, სხვა დაინტერესებულ უწყებებს გავუზიარებ სიახლეების პაკეტს ამ კვირაში, ან მომავალ კვირაში და წარვდგები მთავრობის წინაშე, რომ საზოგადოებისთვის ისეთი გაუგებარი შედეგები არ დგებოდეს სიცოცხლის უფლებების საქმეზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დადგა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.