,,წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია სააკაშვილი, მას აქვს თვითმფრინავი, მაგრამ არ აქვს ასაფრენი ბილიკი“
სააკაშვილი, პოროშენკოს წარმატების შემთხვევაში, უკრაინის პრემიერობისთვის მოემზადება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი – პრეზიდენტობისთვის -ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, როგორც გელბახიანი აცხადებს, სააკაშვილი პარალელურად იქნება თავისი გუნდის ლიდერი, რომ საბოლოო წარმატებას მიაღწიოს.
,,წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია სააკაშვილი, მას აქვს თვითმფრინავი, მაგრამ ასაფრენი ბილიკი არ აქვს. ახლა ის ოდესაში იმ ასაფრენ ბილიკს იკეთებს, საიდანაც უნდა აფრინდეს და დანიშნულების წერტილში დაეშვას. პარალელურად ის იქნება თავისი გუნდის ლიდერი, რომ საბოლოო წარმატებას მიაღწიოს. თქვენ მკითხავთ, როგორ შეიძლება საკაშვილმა თავისი გუნდით მიაღწიოს წარმატებას, ეს უკვე პოლიტიკური ტექნოლოგიების საკითხია. მას საქართველოში აქვს დიდი ბაზა, ტელევიზია, საპარლამენტო ჯგუფები, თავისი ელექტორატი, დანარჩენი უკვე კოალიციური ტექნოლოგიების საკითხია. ის ამას გამოიყენებს, მაგრამ თვითონ საქართველოში ჩამომსვლელი და არჩევნებში მშვიდობიანი ფორმატით მონაწილეობის მიმღები არ მგონია, რომ იყოს. რაც შეეხება თავად მის მიზანს – სად და რა დანიშნულების ადგილზე დაეშვება მისი ,,თვითმფრინავი“, ასე გიპასუხებთ,- პოროშენკოს წარმატების შემთხვევაში ის უკრაინის პრემიერობისთვის მოემზადება და თუკი უკრაინის პრეზიდენტი წარუმატებელი აღმოჩნდება, სააკაშვილი გახდება პრეზიდენტი“,- აცხადებს ვალერი გელბახიანი.