ხევსურეთში, იმ ტერიტორიაზე, სადაც მწყემსი გაუჩინარდა, დღეს ქართველი და უცხოელი გეოლოგები ჩავლენ
ხევსურეთში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ზვავის ჩამოწოლის შედეგად მწყემსი გაუჩინარდა, დღეს ქართველი და უცხოელი გეოლოგები ჩავლენ.
როგორც “კვირას“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა, გეოლოგები ადგილზე გაეცნობიან ვითარებას, მათი შეფასების შემდეგ კი მძიმე ტექნიკა დაიწყებს სამუშაოებს. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი აცხადებს, ამინდის გაუარესების გამო სამძებრო სამუშაოები ამ ეტაპზე ვეღარ გრძელდება.
“დღეს შემთხვევის ადგილზე ქართველი და ჩეხი გეოლოგები ჩავლენ და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას, რომ მათი შეფასების შემდეგ სამძებრო სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთოს. ვითარებას ამინდის გაუარესება კიდევ უფრო ამძიმებს, ადიდებულია მდინარე, არსებობდა ალბათობა, რომ თავად მაშველებსაც შექმნოდათ საფრთხე, ამიტომ დღეს იქ გეოლოგები ჩავლენ, შეისწავლიან ვითარებას და შემდეგ მათი შეფასების მიხედვით ვიმოქმედებთ“,- განუცხადა “კვირას“ ნუგზარ ყიფიანმა.
არსებული ინფორმაციით, თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი. მწყემსი ღამის გასათევ ადგილზე იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.