მაშველები ხევსურეთში გიორგი შეთეკაურს ეძებენ

უკვე მესამე დღეა, ხევსურეთში მაშველები გიორგი შეთეკაურს ეძებენ – ამის შესახებ „კვირას“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი შეთეკაური, რომელიც სოფელ ხონეში ცხვარს მწყემსავდა, დიდი მოცულობის გლაციალური ღვარცოფის ტალღაში მოყვა. ყიფიანის ინფორმაციით, ღვარცოფის შედეგად მწყემსთან ერთად 40 სული საქონელიც არის მოყოლილი.
შემთხვევა, 31 მაისს გამთენიამდე, ხევსურეთში, მუცოსა და შატილს შორის ერთ-ერთ სოფელში, ხონესთან ახლოს 4 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ამბობს, რომ გიორგი შეთეკაურის გაუჩინარების შესახებ სამაშველო სამსახურსა და გუბერნატორს მწყემსის ძმამ შეატყობინა, რომელსაც გიორგი შეთეკაურთან საჭმელი მიჰქონდა.
„ამჟამად ხევსურეთში ისევ მოღრუბლულია, სამძებრო სამუშაოები უამინდობის გამო ვერ ხერხდება, რადგან ვერტმფრენმა იქ მისვლა ვერ მოახერხა. მაშველები მძიმე ტექნიკას ელოდებიან, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყოს“, – აღნიშნა ნუგზარ ყიფიანმა „კვირასთან“ საუბრისას.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ იმ ადგილზე, სადაც ვერტმფრენის დაშვება იყო შესაძლებელი. აღნიშნული წერტილიდან კი 15 კმ მანძილი ფეხით გაიარეს, თუმცა, სამაშველო ოპერაციის დაწყებისთვის საჭირო ტექნიკის მიყვანა, რთული რელიეფის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები