მანანა ნაჭყებია: ბუბა კუდავა დაუმორჩილებელი ადამიანია
„ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია აცხადებს, რომ ბუბა კუდავას საქმე გულდასმით შეისწავლა. როგორც მანანა ნაჭყებია „საერთო გაზეთთან” ინტერვიუში აღნიშნავს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბუბა კუდავა დაუმორჩილებელი ადამიანია და მას განათლების მინისტრის მიმართ ასეთი მკაფიო განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა.
ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ბუბა კუდავას თანამდებობიდან წასვლა, სწორედ მინისტრისადმი მკვეთრმა განცხადებებმა განაპირობა.
„მე გულდასმით შევისწავლე ორივე მხარის არგუმენტები და დავრწმუნდი იმაში, რომ რაც ბუბა კუდავას ირგვლივ ხდება, ეს არის მის მიმართ რაღაც ტიპის პრეტენზიები. ეს არის დაუმორჩილებელი ადამიანი, რომელმაც მინისტრის სამწუხაროდ გააკეთა ის განცხადება, რომელიც გააკეთა და ამას მოჰყვა იმის გადაადგილება. შესაძლოა, თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუვიდა, მაგრამ ჩვენ არაერთი ადამიანი ვიცით, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუვიდა და თავიდან აირჩიეს. სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან, დაავიწყდათ ავტონომიურობა, რომლისთვისაც ვიბრძოდით და დღეს ვართ სრულიად აბსურდული სიტუაციის წინაშე, როცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ირჩევენ მინისტრი, მისი მოადგილეები და კომისიის წევრები, რომლებიც ამ სიტუაციაში მხარეს წარმოადგენენ.
მეორე მხარეს გვაქვს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა თაობის თანამშრომელთა პროტესტი. ხანდაზმული თაობის გვერდით დგას ახალგაზრდა თაობა, რომელიც ბრძოლისთვისაა შემართული. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექტივში ჩვენ ვხედავთ ერთსულოვნებას და ამ დროს განათლების მინისტრის მშვიდი და მწყაზარი ხმით განცხადებების კეთება სრულიად მიუღებელია. თამარ სანიკიძის საუბარში არ ჩანს გულისტკივილი, თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ კი გვინდა მინისტრი, რომელსაც დარგზე და თითოეულ თანამშრომელზე გული შესტკივა. მინისტრის პოზიცია ეჭვს აჩენს, რომ დავალებული აქვს, ცენტრიდან მოაცილოს ადამიანი, რომლის ძმაც არის საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში და ერთმნიშვნელოვნად „ნაციონალური მოძრაობის” მომხრე”,- აცხადებს ნაჭყებია „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში.