ირაკლი ღარიბაშვილი: თავისუფლებას სჭირდება გაფრთხილება
დამოუკიდებლობის იდეას მრავალი თაობა შეეწირა, მრავალი მათგანის ოცნებად დარჩა მისი ხილვა, ხოლო ჩვენ დღეს გვაქვს პატივი, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თავისუფლებას გაფრთხილება სჭირდება. მისივე თქმით, არასახელმწიფოებრივ აზროვნებას სახელმწიფოსთვის დიდი ზიანი მოაქვს. ირაკლი ღარიბაშვილმა მეგობარ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა, საქართველოს ერთიანობის და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის.
„საქართველოს დამოუკიდებლობა ნიშნავს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეს არის დასაწყისი ქართული სახელმწიფოებრიობის. ეს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას და სახელმწიფოს, როგორც ერთიანი ოჯახის გაძლიერებას და განმტკიცებას. დამოუკიდებლობის დღე ამავე დროს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის დღე, როცა ყველა ერთად უნდა ვაცნობიერებდეთ იმ საერთო სიკეთეს, რაც მოაქვს სამართლებრივ სახელმწიფოს.
ამ იდეას მრავალი თაობა შეეწირა, მრავალი მათგანის ოცნებად დარჩა მისი ხილვა, ხოლო ჩვენ დღეს გვაქვს პატივი, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა იმ თაობების წინაშე, ვინც ეს იდეა განახორციელა. ვინც ჩვენ ქართული სახელმწიფო დაგვიტოვა. ეს ამავდროულად არის პასუხისმგებლობა ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, ვისაც უნდა დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. თავისუფლებას სჭირდება გაფრთხილება. არასახელმწიფოებრივ აზროვნებას მოაქვს დიდი ზიანი ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამის მაგალითები, სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დღეს ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვულოცავ ჩვენს ძვირფას ჯარისკაცებს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, მეგობარ სახელმწიფოებს – აშშ-ს, ევროპის სახელმწიფოს, ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას.