გიორგი მარგველაშვილი: აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავლები ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას მოესწრებიან
დღეს ჩვენ ვზეიმობოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისთვის მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
მივესალმები ყველა ქართველს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს მრავალეროვან სახელმწიფოს და მათ ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფება და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს საზღვარგარეთ.
მივესალმები საქართველოს პატრიარქს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მეუღლეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პატივცემულ სტუმრებს, ჩვენს ჯარს.
მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს და ჩვენს მოკავშირეებს, ვინც ამ დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს.
ნოე ჟორდანია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ამბობდა, შეხვდით 26 მაისს და თქვენ დაიანხავთ რა ძალა აქვს თავისუფლებას.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ თავისუფლებას ვერავის წაართმევ.
დღეს ჩვენ ვზეიმობთ 1991 წლის და 1918 წლის 26 მაისს. დღეს ასევე ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთ გამარჯვებას, ვზეიმობთ მაშინ, როდესაც ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზ მეფემ გადაწყივეტეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, როდესაც ბაგრატ მესამემ გააერთიანა საქართველო, დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა თბილსი და გიორგი ბრწყინვალემ კიდევ ერთხელ გააერთიანა ჩვენი სამშობლო.
ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ დიდ მამულიშვილებთან ერთად, რომლებმაც მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე შესწირეს ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევას. ამიტომ, დღეს ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოს ისტორიას, რომელიც სიამაყით გვავსებს.
ქედს ვიხრით იმ მამულიშვილების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლით, შრომითა და შემოქმედებით გახადეს შესაძლებელი დღვანდელი თავისუფალი, დამოუკიდებლი საქართველო.
ამ დღისითვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა, ჩვენ დღეს მადლობელი ვართ მათი.
ამავე დროს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს. დღეს აქ მდგომნი, ჩვენი შთამომავლები, ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვეებებს, სიძლიერესა და გამთლიანებას მოესწრებიან.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.