პედაგოგები ვიდეოგადაღებებით 2016 წლიდან შეფასდებიან
პედაგოგთა კარიერული ზრდის სქემის მიხედვით, მათი შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გაკვეთილის ვიდეოგადაღების შეფასებას დაეფუძნება.
ვიდეოგადაღების ერთადერთი მიზანი მასწავლებელთა პრაქტიკული უნარების განსაზღვრაა. ამას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი “მთელ კვირასთან“ ვიდეოგადაღების დეტალებზე საუბრობს.
“პედაგოგებზე დაკვირვების ორი ვარიანტი არსებობს. პირველი, ეს არის კონკრეტული დამკვირვებელი, რომელიც მომზადებულია კარგად, მიდის და გაკვეთილს ესწრება. მეორე, ეს გახლავთ ვიდეოგაკვეთილის შეფასება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ამერიკაში, ჰოლანდიაში და ა.შ. პედაგოგებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ვიღაცა მოულოდნელად მივიდოდა და გადაიღებდნენ. ასეთი მეთოდის დანერგვას ნამდვილად არ ვაპირებთ. ამ სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ის არის, რომ პროცესის წარმმართველი თავად პედაგოგი იქნება. ის გადაწყვეტს – როდის და რომელ გაკვეთილს გადაიღებს. ყველა სკოლაში ერთი ოთახი შესაბამისი ტექნიკით უნდა იყოს აღჭურვილი, სადაც ამ გაკვეთილებს ჩაატარებენ. ამიტომ ჩვენ ეს მოდელი შევთავაზეთ -კონკრეტული მასწავლებელი ერთი კვირის განმავლობაში სწორედ, აი, ამ საკლასო ოთახში გაკვეთილებს ატარებს, შემდეგ თვითონვე აარჩევს ორ ან სამ ვიდეოს და გამოგვიგზავნის. იმიტომ, რომ შეიძლება ძალიან კარგი მასწავლებელი იყოს, მაგრამ ეს კონკრეტული გაკვეთილი კარგად არ გამოუვიდეს, შესაძლოა, თავი დაძაბულად იგრძნოს. 2015 პილოტირების წელიწადი იქნება. ახლა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ სისტემა ბოლომდე ჩამოყალიბდეს. 2016 წელს ეს სისტემა ძალაში უნდა შევიდეს. თავიდანვე ვამბობდით, რომ სისტემა პედაგოგებისათვის მისაღები უნდა ყოფილიყო “, – აცხადებს მაია მიმინოშვილი.