სოსო ჯაჭვლიანი: რიგის სამიტზე სააკაშვილის მიწვევა ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება იყო!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი აღშოფოთებულია იმ ფაქტით, რომ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი რიგის სამიტზე მიიწვიეს.
როგორც დეპუტატი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლატვიის მთავარ პროკურორს რიგის სამიტზე შეხვდა, საქართველოს ხელისუფლების შეურაცხყოფაა. უფრო მეტიც, ჯაჭვლიანი ინტერვიუში ამბობს, რომ რიგის სამიტზე, როდესაც ძებნილი მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა, საქართველოს დელეგაციას რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მიეღო და სამიტი პროტესტის ნიშნად უნდა დაეტოვებინა.
„სამიტის დღეს რიგაში სააკაშვილის მიწვევა საქართველოს შეურაცხყოფა და ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება იყო! წარმოიდგინეთ, ძებნილი სააკაშვილი ლატვიის მთავარმა პროკურორმა მიიღო. დიახ, კაცს რომელიც, წესით, უნდა დააპატიმრონ და საქართველოს გადასცენ, ევროპაში პატივით ხვდებიან! რა უნდა დავარქვათ ამას, თუ არა საქართველოს ხელისუფლების უპატივცემულობა და ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება?! პირადად მე, ერთი კაცი, ჩვენი დელეგაციის ადგილას რომ ვყოფილიყავი, იცით, რას ვიზამდი? – რიგის სამიტს პროტესტის ნიშნად დავტოვებდი, ამ, სულ ცოტა, პროტესტს იქვე დავაფიქსირებდი და მთელი ევროპის გასაგონად ვიტყოდი – დღეს ამ ქალაქში იმყოფება კაცი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულშია ეჭვმიტანილი, იგი ოფიციალური ძებნილია და თუ თქვენ პატივს სცემთ საქართველოს, მაშინ ეს კაცი დააპატიმრეთ და გადმოგვეცით! მე არ ვიცი, როდემდე უნდა აიტანოს ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა ასეთი შეურაცხყოფა“? – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები