“ნაციონალები” პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოყვანას აპირებენ”

გაზეთ “კვირის ქრონიკის“ წყარო ინფორმაციით, საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან უკვე მეორედ “ნაციონალების“ ლიდერები აწარმოებენ მოლაპარაკებას. როგორც წყარო ირწმუნება, პაატა ბურჭულაძეს 2016 წლის არჩევნებში საარჩევნო სიის სათავეში ყოფნას სთავაზობენ.
“პაატა ბურჭულაძესთან უკვე მეორედ “ნაციონალების“ ლიდერები აწარმოებენ მოლაპარაკებას. ცხადია, მომავალ არჩევნებში მას ისევ საარჩევნო სიის სათავეში ყოფნას სთავაზობენ, რაც მათი გამარჯვების შემთხვევაში, უკვე არა პარლამენტის თავმჯდომარეობის, არამედ პრემიერ-მინისტრობის ტოლფასია.
ცხადია, 2016 წლის არჩევნებს ვერც “ნაციონალები“ მოიგებენ და, შესაბამისად, ვერც მინისტრთა კაბინეტს დააკომპლექტებენ, მაგრამ ამის ამბიცია, თქვენ წარმოიდგინეთ, იმ გაკოტრებული პარტიის ლიდერებს, ერთდროულად 50 000 კაცს რომ ვერ მოუყარეს თავი რუსთაველზე, კიდევ აქვთ. “ნაციონალებს“ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კარიერა, მისი ბედი, საერთოდ არ აღელვებთ. მათ უნდათ ისეთი ადამიანი, რომელსაც ხალხი ენდობა, დიდად აფასებს და მისი ნაწილი, დიდი ალბათობით კიდეც გაჰყვება. მოკლედ,პაატა ბურჭულაძე ხალხის სატყუარად სჭირდებათ “ნაცებს“,- წერს გაზეთი.
წყარო აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძემ პირველად სასტიკი უარი უთხრა მასთან მისულ “ნაციონალ“ ლიდერებს -არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას, თავი დამანებეთო.
“თუმცა მიხეილ სააკაშვილი მის უარს ვერ შეუჩერებია, საკუთარი ლობისტების პირადი თუ “ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერთა ნაცნობებისა და გავლენების წყალობით, ბურჭულაძისთვის თავზე დაუხვევია უამრავი მისი ახლობელი ადამიანი, საოპერო სფეროდან დაწყებული და მისი ბავშვობის მეგობრებით დამთავრებული, ასევე გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, რომელთანაც პაატა ბურჭულაძეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ეს ხალხი სთხოვს მომღერალს, რომ მიიღოს სააკაშვილის შეთავაზება და 2016 წლის არჩევნებში “ნაცმოძრაობის“ ლოკომოტივობა იკისროს“, – აცხადებს გამოცემასთან სანდო წყარო.
მისივე ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე უკვე ისეთ უხერხულ მდგომარეობაშია, რომ მისთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, კატეგორიულ უარს ვერ ეუბნება, თუმცა არც იმას ამბობს, რომ სააკაშვილს დსთანხმდა, მაგრამ 2008 წლის შეთავაზებისგან განსხვავებით, კარის ზღურბლიდან არ გამოუყრია “ნაციონალი“ მომლაპარაკებლები და რამდენჯერმე შეხვედრია და მოუსმენია მათთვის. ამასთან, წყარო აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძეს საუბარი მიხეილ სააკაშვილთანაც ჰქონდა.
“მიშა ეხვეწებოდა, რომ მის წინადადებას დათანხმებოდა, პაატა ბურჭულაძეს სააკაშვილისთვის უთქვამს, რომ არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქვეყნო საქმეს ეხება, პატრიარქთან მოთთბირების გარეშე არ იღებს და ამჯერადაც ასე მოიქცევა. შევხვდები პატრიარქს და ერთად გადავწყვეტთ ამ საკითხსო -უთქვამს“, -აცხადებს წყარო “კვირის ქრონიკასთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები