ეკუთვნის თუ არა მედიაში გავრცელებული ფოტო ხარძიანის მკვლელს – რას აცხადებენ პროკურატურაში

„ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში დამნაშავე პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა ეს ზუსტად ის პირი, რომლის ფოტოც ბეჭდურ მედიაში გავრცელდა“,- აღნიშნული განცხადება მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

ადვოკატის განცხადებით, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია მან პროკურატურასთან გადაამოწმა, თუმცა საგამოძიებო ორგანომ გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მალხაზ სალაყაიას განმარტებით, პროკურატურას ვიდეომასალის სახით უამრავი ადამიანის კადრი გააჩნია და მოცემულ მომენტებში მასალები შესწავლის სტადიაზეა.

„გამოძიება მკვლელობის ადგილის სიახლოვეს მდებარე ქუჩების ვიდეოჩანაწერების შესწავლას ახორციელებს, სათვალთვალო კამერებიდან ბევრი ასეთი ჩანაწერია ამოღებული, გაზეთში გამოქვეყნებული ფოტო კი შეიძლება ერთ-ერთი იმ ჩანაწერთაგანი იყოს. ამდენად, ამონაბეჭდი, რომელიც გავრცელდა, მე პირველად ვნახე, ასეთი ფოტო არ მინახავს და არც შეიძლებოდა მენახა, რადგან ყველა ის მონაცემი, რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის საიდენტიფიკაციოდ ვარგისი ყოფილიყო, ერთ სრულ ფორმაში ჩამოყალიბებულად ჯერ ჩვენ არ გვინახავს. მე ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, ბუნებრივია, ვკითხე პროკურატურას, არის თუ არა ეს ის რეალობა, რასაც ამბობენ და რაც გარცელდა-მეთქი. პასუხად მივიღე: „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ამას ვიტყვითო“. მათ ეს ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს, რადგან ასეთი სხვა ფოტო მათ შეიძლება კიდევ ბევრი ჰქონდეთ. პროკურატურას გააჩნია ზღვა მასალა იმისთვის, რომ საორჭოფო დასკვნა არ გაკეთდეს. ეს გავრცელებეული ფოტო შესაძლოა, ერთ-ერთი სამუშაო ვერსია იყოს გამოძიებისთვის. ხომ არ არის ის დანაშაულის ჩამდენი პირი, ან ხომ არ ჰგავს იმ პირს, რომელიც ეჭვმიტანილის სახით საქმეში შეიძლება ჰყავდეს გამოძიებას“,- აღნიშნა მალხაზ სალაყაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები