აშშ-ს ყოფილი ელჩი – ეჭვები „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ არ გამართლდა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის განცხადებით, ეჭვები „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ არ გამართლდა. განცხადება მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში გააკეთა.

„გარკვეული პერიოდის წინ იყო ერთგვარი შიში, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ქვეყანას დრამატულად შეუცვლიდა საგარეო მიმართულებას და გეზს რუსეთისკენ აიღებდა, თუმცა ეს ეჭვი და შეშფოთება არ გამართლდა”, – განაცხადა იალოვიცმა.

მისივე განმარტებით, საქართველო რთულ ვითარებაშია, რადგან ჩრდილოეთით რუსეთი ესაზღვრება, თვითონ კი დასავლეთისკენ მიისწრაფვის. ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზება საღი ნაბიჯი იყო, თუმცა იგი შემხვედრი ნაბიჯებს ვერ ხედავს.

„არანაირი რადიკალური ცვლილება არ მინახავს საქართველოს პოლიტიკაში, რაც სხვანაირად განსჯის საშუალებას მომცემდა. თქვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს – თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და მონაწილეობს არაერთ სამშვიდობო მისიაში. ამით ქართველები ერთგული პარტნიორები არიან. მათ ამისთვის აფასებენ. ქვეყანა ავითარებს კავშირებს ევროკავშირთანაც, რაც მთლიანობაში ძალიან მისასალმებელია”, – ამბობს იალოვიცი.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ მისი გამოწვევები მომავალში აქტიურად განიხილებოდეს ვაშინგტონსა და დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, იალოვიცი პასუხობს, რომ „საქართველომ უნდა განაგრძოს ყველაფერი, რასაც აკეთებს, დარჩეს კარგ და სანდო პარტნიორად ევროპისა და ამერიკისთვის, განაგრძოს შიდა გამოწვევების მოგვარება და მოაწესრიგოს ეკონომიკური ვითარება, რომელსაც ახლა აშკარად არ ულხინს“.

კენეტ იალოვიცი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად 1998-2001 წლებში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები