საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით რიგაში იმყოფება
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რიგაში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე შედიან.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა.
რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი დღეს გაიხსნება.
რიგით მეოთხე სამიტში მონაწილეობას ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი) წარმომადგენლები მიიღებენ.
სამიტზე სამეზობლო პოლიტიკის მომავალზე, უკრაინის კრიზისზე, რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე, ვიზალიბერალიზაციისა და ვიზაფასილიტაციის მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების პროგრესზე ისაუბრებენ.
სამიტის პლენარული სესიის ბოლოს კი მონაწილეები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.