თამარ სანიკიძე: ბუბა კუდავას საქმიანობის შესასწავლად კონტროლის პალატას მივმართავთ
კონტროლის პალატას მივმართავთ, რომ ბუბა კუდავას წინა წლების საქმიანობით დაინტერესდეს და არ არის გამორიცხული პროკურატურაც ჩაერთოს ამ საქმეში – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აუდიტის სამსახურია შესული და თუ როგორი მენეჯერი იყო ბუბა კუდავა, ამას აუდიტის შედეგები აჩვენებს. “როგორი მენეჯერი იყო ბუბა კუდავა, ამას გვაჩვენებს აუდიტის სამსახური. მასში არის დარღვევებზე საუბარი. იქ ვერ დავადგინეთ წესი, რის მიხედვით ნაწილდებოდა ხელფასები. მივლინებაზე, ბიუჯეტირებაზე, შესყიდვების კანონის სისტემურ დარღვევებზეა საუბარი. ეს არის სამუშაო და გამოსასწორებელი. იმ არგუმენტებიდან, რაც იყო წარმოდგენელი, გაბათილებულია მხოლოდ ერთი პუნქტი. დანარჩენი პრეტენზიები დარჩა. არ არის გამორცხული ამაში პროკურატურა ჩაერთოს. კონტროლის პალატასაც მივმართავთ, რომ შეისწავლოს წინა წლების საქმიანობა”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. რაც შეეხება ხელნაწერთა თანამშრომლების პროტესტს ბუბა კუდავას თანამდებობიდან გადაყენების მიმართ, სანიკიძეს მიაჩნია, რომ პროტესტი პოლიტიკური ხასიათისაა. “ამ ადამიანებს ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია. ერთი, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მოხსნეს, მეორე იყო ლაილაშის ბიბლია და შენობა, რომ მას ჰყავს დაინტერესებული მხარე – ბიზნესი, რომლის უკანაც დგას “არემჯი” და იმის უკან არის ბიძინა ივანიშვილი, ესენი არის ტყუილი. აღარ არის დირექტორი, იმიტომ, რომ ამოეწურა ყველანაირი ვადა, რაც ჰქონდა. ჩვენ გადავნიშნეთ მოვალეობის შემსრულებლად, რადგან ის გათანაბრებულია საჯარო მოხელესთან, ეკუთვნის კონკურსის წესით დანიშვნა”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. რაც შეეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნას კანონის შეცვლასთან დაკავშირებით, მინისტრს მიაჩნია, რომ მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებული. ხოლო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ცენტრის თანამშრომლები დირექტორად ბუბა კუდავას ითხოვენ, არ დაკმაყოფილდება, რადგან სანიკიძის თქმით, კუდავა ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია.