საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას მიუსამძიმრა
დღეს, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თინათინ ხიდაშელმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ბაქოში, 19 მაისს მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.
სამინისტროს ცნობით, გენერალ-პოლკოვნიკმა ჰასანოვმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საუბრის დროს მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრეს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული დამოკიდებულების და წარმატებული ურთიერთობების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
საუბრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც 26-28 ივნისს ბათუმში გაიმართება. გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვამა კი, თინათინ ხიდაშელი ივლისში, ბაქოში დაგეგმილ ოლიმპიადაზე მიიწვია.