პრემიერ–მინისტრი რიგაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან, დაესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გამართულ მიღებას და სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პლენარულ სესიაზე.