პატრულის თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლი გადაარჩინეს – ფოტოკოლაჟი
პატრულის თანამშრომლებმა და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ცეცხლმოკიდებული მანქანის მძღოლი გადაარჩინეს. შემთხვევა გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მოხდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი (ტაქსი) ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგადაც ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მძღოლს დახმარება „თბილსერვის ჯგუფისა“ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტაქსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთაველზე მოძრავი ავტომობილის მძღოლს ჩაეძინა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.