თბილისის მერი საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს თამაზ შოშიაშვილს პასუხობს
თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის თამაზ შოშიაშვილის განცხადებას ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს. დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაადასტურა ინფორმაცია, მერის 5 ახალი მრჩევლის შესაძლო დანიშვნის შესახებ.
“რაიმე სახის დამატებითი მრჩევლების დანიშვნას ეს ცვლილება არ ითვალისწინებს. ადმინისტრაციაში სხვადასხვა მიმართულებით იყო შტატები გაფანტული, ამ ცვლილებით კი ხდება მათი თავმოყრა. მრჩევლები ჩვენ გვყავს ცენტრალურ აპარატში, ასე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამით არ ხდება”, – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერს, სავარაუდოდ, ხუთი ახალი მრჩეველი ეყოლება. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერი საკრებულოსაგან მერიის საშტატო ერთეულის ხუთი მრჩევლით გაზრდას ითხოვს.
თამაზ შოშიაშვილის თქმით, თბილისის მერმა 14 მაისს განაცხადით მიმართა საკრებულოს საშტატო ერთეულის 5 მრჩევლით გაზრდის შესახებ. შოშიაშვილის განცხადებით, ეს იმ დროს, როცა მერს ორი მრჩეველი, ვიცე-მერი და ხუთი მოადგილე ჰყავს.