საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი მალტაში გრძელდება
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა მალტის პარლამენტის საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლუჩიანო ბუსუტილთან და კომიტეტის წევრებთან გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.
მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზეც იმსჯელეს. მალტის პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და აღნიშნეს, რომ მათი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესახებაც.
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში დავით უსუფაშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე შედიან, მალტაში ვიზიტს 21 მაისს დაასრულებს.