„ეს არის მშვიდად მიღებული გადაწყვეტილება, მე „რესპუბლიკელებთან“ უფრო მეტი საერთო მაქვს“
„იყო საკითხები, როცა მე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებისგან სრულიად განსხვავებული პოზიცია მქონდა, მაგრამ მე რაიმე შიდა დაპირისპირების გამო არ წავსულვარ, ეს რომ ასე ყოფილიყო, გარწმუნებთ, ბევრად ხმაურიანად დავტოვებდი ფრაქციას“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კორძაიას განმარტებით, მან ორწლიანი მუშაობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბევრად მეტი საერთო სწორედ „რესპუბლიკელებთან“ აქვს.
„მანამ, სანამ პარლამენტის წევრი გავხდებოდი, არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ მქონია კავშირი, შესაბამისად, როდესაც პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მივიღე, ბუნებრივია, ეს ახალ ძალას დავუკავშირე, გადავწყვიტე, „ქართულ ოცნებასთან“ ვყოფილიყავი. მანამდე არც კი ვიცნობდი დეპუტატებს. პარლამენტში ყველა გავიცანი, გარდა თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილისა, რომლებიც მე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გავიცანი. 2-წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბევრად მეტი საერთო მქონდა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებთან. რაც შეეხება დაპირისპირებას, მე რომ ფრაქციის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამო წავსულიყავი ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“, ბევრად უფრო ხმაურიანად წავიდოდი. ეს არის საკმაოდ გაწონასწორებული, მშვიდად მიღებული გადაწყვეტილება. უმრავლესობაში თანამშრომლობას ვაგრძელებ. სწორედ ამ უმრავლესობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან“,- აღნიშნა თამარ კორძაიამ.