შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების უსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიხსნა
საქართველო ყოველწლიურ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების ქვეყნების უსაფრთხოების მე-10 სიმპოზიუმს მასპინძლობს. დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სიმპოზიუმი ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაზვერვის ორგანიზებით მიმდინარე სიმპოზიუმში შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი პირები, სამხედრო ატაშეები და ექსპერტები მონაწილეობენ.
სიმპოზიუმის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ სოხაძემ სიტყვით მიმართა. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოება, არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ყოველწლიური სიმპოზიუმი შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების სამხედრო დაზვერვის სამსახურების დაახლოებას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ კონსოლიდირებას ისახავს მიზნად. სიმპოზიუმი 2006 წელს დაარსდა, რომელიც პირველად ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა. საქართველოში ფორუმი წელს უკვე მესამედ იმართება.