პრემიერი: „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ საკმაოდ წარმატებული პროექტია, რომელიც მიმართულია რეგიონების განვითარებისკენ

„ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ არის საკმაოდ წარმატებული პროექტი, რომელიც მიმართულია რეგიონის პოტენციალის გამოვლენისა და რეგიონების განვითარებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აჭარის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციის შემდეგ, სამთავრობო პროგრამის პირველი ეტაპის შეჯამებისას განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ეს იყო საინტერესო ფორმატი, რომელსაც უკვე მოჰყვა კონკრეტული შედეგები. „ვფიქრობ, ფორმატი, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას და ბიზნესმენებს, არის საკმაოდ ნაყოფიერი, იქიდან გამომდინარე, რომ ვისმენთ მათ იდეებს და მთავრობა მაქსიმალურად იზიარებს მათ შემოთავაზებებს. ფოკუსირებულად დაიწყო რეგიონების განვითარებაზე მუშაობა, რასაც უკვე მოჰყვა შედეგები და მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები რამდენიმე საწარმოს განვითარებაზე. ვფიქრობ, ეს ფორმატი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სამუშაო რეჟიმში აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამინისტროების წარმომადგენლები და გუბერნატორები, რათა კონკრეტული პროექტების განხორციელება დაჩქარდეს. სამთავრობო პროგრამის წარდგენის პირველი ეტაპი აჭარით დასრულდა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აჭარის უზარმაზარ პოტენციალს და მისი სრულად ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები