შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ, ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ JICA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა, პროექტის – „ტრანკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ფოთის პორტში ტვირთის სკანირების აღჭურვილობის გაუმჯობესება” მხარდაჭერის მომზადებისა და დამტკიცების ასპექტები განიხილეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოიაზრება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისთვის სატვირთო და სარკინიგზო რენტგენო-სკანერების სისტემების გადმოცემა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ხელი მოაწერა საოქმო ჩანაწერს, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის განხორციელებას და საქართველოს საბაჟო საზღვარზე, სატრანსპორტო საშუალებების/კონტეინერების რენტგენო ინსპექტირების პროცესში მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოყენებას.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირები.