დიმიტრი ლორთქიფანიძე: 2016 წელს „რესპუბლიკელების“, ალასანიას გუნდისა და „ნაცმოძრაობის“ კოალიციას ვიხილავთ
უფლებადამცველისა და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მთავრობის ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ეხმაურება.
ლორთქიფანიძე ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნით, პარტიამ ხელისუფლებაში პოზიციები გაიმყარა.
„ხიდაშელის დანიშვნა, „რესპუბლიკური“ პარტიის ვაჭრობის შედეგი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობას ჩამოშლა ემუქრებოდა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გარდაუვალი გახდებოდა. „რესპუბლიკელებმა“ ძალიან სარფიანად ივაჭრეს ღარიბაშვილის მთავრობასთან და პოზიციები გაიმყარეს. ახლა მეორე პროცესი დაიწყო, როცა „რესპუბლიკელების“ ფრაქციას „ქართული ოცნების“ ფაქციიდან ადამიანები უერთდებიან“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ამავე ინტერვიუში დიმიტრი ლორთქიფანიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ამახვილებს ყურადღებას. იგი არ გამორიცხავს, რომ 2016 წელს, არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ნეოლიბერალური ძალების ახალი კონფიგურაცია ჩამოყალიბდება.
როგორც ყოფილი დეპუტატი ამბობს, ნეოლიბერალური ძალების ახალი კონფიგურაციის შემადგებლობაში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვლი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოგვევლინებიან.
„2016 წელს ჩვენ „რესპუბლიკელების“, ალასანიას გუნდისა და „ნაცმოძრაობის“ კოალიციას ვიხილავთ. „ენ-დი-აის“ კვლევების ტენდენცია პირდაპირ გვკარნახობს, რომ ახალი ნეოლიბერალური კოალიციის მიზიდულობის ცენტრი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება და იგი ალასანიასა და უსუფაშვილთან ერთად, ახალი პოლიტიკური ძალის დამფუძნებელ „მამად“ მოგვევლინება“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.