დეიმონ უილსონი: ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს მაპი არ სჭირდება
ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს მაპი არ სჭირდება – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა “მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მთავარი საფრთხე, რაც ქვეყანის წინაშე დგას, კრემლის პოლიტიკაა.
დეიმონ უილსონი საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვიდა და ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა. მისი თქმით, განხილვის მთავარი საკითხები ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რიგის მოახლოებული სამიტი იყო.
“მე ვიყავი კლინტონის ადმინისტრაციაში, როდესაც ჩვენ შევქმენით მაპი – გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რაც სიახლეა… პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ნატოში მაპის გარეშე გაწევრიანდნენ, ისევე როგორც – ესპანეთი და სხვა ქვეყნები. მანამდე მაპი ჩვენ უსაფრთხოების განსხვავებულ გარემოში დავიწყეთ, უსაფრთხო გზა, როგორც ობიექტური საშუალება, რომელიც ქვეყნებს დაეხმარება, მოემზადონ ნატოს წევრობისათვის. გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა. ახლა რუსეთის სახით აქტიური ოპოზიცია გვყავს, ასე, რომ – მაპი მხოლოდ ინსტრუმენტი იყო, საბოლოოდ კი აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და შესძლოა, ჩვენ გვჭირდება განსხვავებული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორია ეს ინსტრუმენტი, მაშინ, როდესაც გაწევრიანებას აგრესიული ძალა უპირისპირდება. ეს რადიკალურად განსხვავებული გარემოებაა. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია გახდეს ნატოს წევრი მაპის გარეშე“,-განაცხადა დეიმონ უილსონმა.
უილსონი მიიჩნევს, რომ კრემლის პოლიტიკის შესაჩერებლად დასავლეთმა გაცილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას. შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საჭიროა მორიგი მკაცრი სანქციების გატარება, საბანკო ანგარიშების მასობრივი გაყინვა.
უილსონის თქმით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ აგრესიაზე საერთაშორისო საზოგადოების პასუხი საკმარისად მკაცრი არ იყო.
“ჩვენ 2008 წელს მტკივნეული გაკვეთილი მივიღეთ და ეს რომ ადრე გვესწავლა, არ ვიხილავდით იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დასავლეთმა უნდა გადადგას უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომ შეაჩეროს ბატონი პუტინი. ძალიან მაღალი ფასის გადახდა უწევს როგორც სანქციების, ისე ეკონომიკური კრიზისის მხრივ, რომელიც შეეხო, როგორც მის გარშემო არსებულ კლანს, ასევე საზოგადოებას. ის ხვდება, რომ მას ძვირად უჯდება ომი დონბასში – სამხედროების სიცოცხლის ფასად. ისინი უკრაინაში ომობენ, შემდეგ კი სამშობლოში მათი ცხედრები ბრუნდება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენად შორს შეუძლია, ან სურს მას წავიდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ მას საფასური უნდა გავუზარდოთ.
პირადად, მე ფიქრობ, რომ საჭიროა მორიგი მკაცრი სანქციების გატარება, საბანკო ანგარიშების მასობრივი გაყინვა, რუსეთის შემთხვევაში სამიზნე უნდა გახდეს ნავთობი და გაზი, ჩვენ ასევე უფრო მეტად გვერდში უნდა დავუდგეთ და უზრუნველვყოთ უსაფრთხოების მხარდაჭერა ლეტალური იარაღით არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდავეთისვისაც, ჩვენ უნდა გავაძლიერთო საქართველოსა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობა იმისათვის, რომ ქვეყნები თავად გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას.
ჩვენ ვისწავლეთ 2008 წლის გაკვეთილი, ჩვენი პასუხი რუსეთის შემოჭრაზე საქართველოში არ იყო საკმარისი. ბატომა პუტინმა ჩათვალა, რომ მას ეს შერჩებოდა ,ჩვენ ცხადი უნდა გავხადოთ, რომ მას ეს აღარ შერჩება“,-აცხადებს დეიმონ უილსონი.
ამასთან, უილსონი ამბობს, რომ მისთვის გასაგებია საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა და რიტორიკის შეცვლა.
“ჩემთვის გასაგებია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა. პრობლემა ის არის, რომ ეს საკმაოდ რთულია, რადგან რუსეთი ადეკვატურად არ პასუხობს ამ მცდელობებს. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს და მათ უმეტესობას მივესალმებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო რეგიონში კონსტრუქციული მოთამაშეა და გავაგებინოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არაკონსტრუქციული ქმედება რუსეთის მხრიდან მოდის. არა მგონია, საქართველოში რუსეთთან მიმართებით ვინმეს გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდეს“,-აცხადებს უილსონი.
ინტერვიუში უილსონი მოახლოებულ რიგის სამიტზე და საქართველოში გამართულ ვიზიტზეც საუბრობს.
“ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია აქ ჩამოვიდა, რომ დაეხმაროს საქართველოს ორივე მისწრაფებაში – როგოც ევროკავშირის, ასევე ნატოს მიმართულებით, ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, შეხვედრა საკითხების ფართო სპექტრს მოიცავდა, თუ რა ნაბიჯები იდგმება ადგილზე რეფორმების ჩათვლით, რომელიც აძლიერებს პროგრესს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური დღის წესრიგის მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენ გველის რთული რიგის სამიტი, რთული დებატები ევროკავშირთან, რადგან ვიდრე კავშირის წევრების ჩამოყალიბდნებიან საქართველოს მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით, მათ უნდა გადაწყვიტონ, რა მოუხერხონ რუსეთს და ამ საკითხზე ახლა მსჯელობე როგორც ევროკავშირში, ისე ვაშინგტონში. ჩვენ ვნახავთ გარკვეულ წინსვლას, პროგრესს რიგის სამიტზე, მაგრამ აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით მნიშვნელოვან წარმატებამდე ჩვენ უფრო ფუნდამენტური დებატები გველის“,-აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი.
უილსონი ნაბიჯებს ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც აფასებს და პასუხობს კითხვაზე – “რამდენად არის ქვეყანა უვიზო რეჟიმისთვის“.
“აქ ორი მიმართულებაა, ერთ ტექნიკური, მეორე პოლიტიკური. ტექნიკურ საკითხებზე ჩვენ თბილისში ევროპელ ელჩებს შევხვდით, მათ საქმის კურსში ჩაგვაყენეს იმ პროგრესის შესახებ, რაც საქართველოს აქვს. როგორც მე გავიგე ვალდებულებების ნახევარი საქართველომ უკვე შეასრულა. გარკვეული ნაწილი თითქმის ბოლომდეა შესრულებული, არის მოთხოვნები, რომლებიც ჯერ კიდევ დასკმაყოფილებელია, არსებობს კონკრეტული გზამკვლევი საქართველოსთვის, რომ შეძლოს ამ ტექნიკური დეტალების დასრულება, დარწმუნებული ვარ, საქართველოს შესწევს უნარი მათ შესასრულებლად და ამის შემდეგ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად და სწორედ აქ ვიმედოვნებ, რომ ევროპელი ლიდერები გამოიჩენენ საკმარის პოლიტიკურ ნებას, რომ დაინახონ ის სიძლიერე და სარგებელი, რომელიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებით მიაღება, ეს რიგაში არ მოხდება, მაგრამ ვიმედოვნებ, ეს მოსალოდნელია მომავალ წელს“,-აღნიშნავს დეიმონ უილსონი.