რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც მან ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგი სამიტი 21-22 მაისს გაიმართება. მისივე თქმით, დელეგაციაში, სხვა პირებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც იქნება.
“როცა კარგად მუშაობ და გაქვს წარმატებები, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს ელოდები და ამ მაქსიმუმის მოლოდინი ნამდვილად არის. ჩვენ დეკლარაციის ტექსტი ჯერ არ ვიცით. არ ვიცით, კონკრეტულად რა ჩაიწერება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა დადებითად შეფასდება და ევროკავშირის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს მხარდაჭერას და კმაყოფილებას საქართველოს რეფორმებით და იმით, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში პრემიერი რიგ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი კი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაში, ასევე იმ შეხვედრაში, რომელსაც ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები