ჯაბა ებანოიძემ უკრაინაში დაკავებული თანამდებობა დატოვა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ, უკრაინაში დაკავებული თანამდებობა დატოვა.
როგორც მან უკრაინულ გადაცემა „შუსტერ-ლაივში“ განაცხადა, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ფაქტობრივად, უუფლებო სტრუქტურა იყო.
ებანოიძის განცხადებით, მას და რეფორმატორთა გუნდს, კონკრეტული რეფორმებისა და რეორგანიზაციის საშუალება არ მიეცათ.
„იანვრის შუა რიცხვებში შემატყობინეს, რომ იუსტიციის სამინისტრო სარეგისტრაციო სამსახურის შეცვლას აპირებდა, იმ სამსახურის, რომლის ხელმძღვანელადაც მიწვევდნენ. არგუმენტები ჰქონდათ, რომ რეორგანიზაციის წყალობით რეგისტრაციის სისტემაში კორუფციას დავამარცხებდით. აღმოჩნდა, რომ ამ დეპარტამენტს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს. რეგისტრაციის სისტემები დაშალეს და სხვადასხვა დეპარტამენტს გადაუნაწილეს. როგორც კი რეგისტრატორების მუშაობის გაკონტროლებას ვიწყებდით და ვცდილობდით, დაგვედგინა, რატომ იყო დეპარტამენტი წარუმატებელი, საქმეში ღრმად ჩახედვისა და სისტემის შეცვლის საშუალება არ მოგვეცა“, – განაცხადა ჯაბა ებანოიძემ.
ებანოიძემ უკრაინის მოქალაქეობა მიმდინარე წლის იანვრის თვეში მიიღო და თანამდებობაზეც მალევე, 14 იანვარს დაინიშნა. უკრაინის იუსტიციის სამინისტროში კიდევ სამი ქართველი მუშაობს. საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების ყოფილი მოადგილე გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. ამავე უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე თამარ შელია და გიორგი წიკლაური მუშაობენ.
წყარო: “ნიუსპრესი”