„მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი დოლიძის კარიერული ზრდისთვის ერთგვარი შუალედური თანამდებობაა“

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ „რესპუბლიკელებმა“ ძალოვანი სტრუქტურების დაყოფის შემდეგ კიდევ ერთი, ამჯერად ძალოვანი მინისტრის პოსტი მოითხოვონ.

როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ხიდაშელის გუნდში არის ადამიანი, რომელსაც ზრდის პოტენციალი და ამბიცია აქვს. ამიტომ ექსპერტი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის ფაქტი დოლიძის მომავალი კარიერული ზრდისთვის ერთგვარი შუალედური თანამდებობაა.

„სანამ ანა დოლიძე საქართველოდან წავიდოდა, რეიტინგული ფიგურა იყო, მას აქვს ზრდის პოტენციალი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი მისთვის ერთგვარი შუალედური თანამდებობაა მომავალი კარიერული ზრდისთვის. მით უმეტეს, როდესაც წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის რეფორმა გვაქვს.

თუკი „რესპუბლიკელებისთვის“ დათმობა მოუწიათ, თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში რატომ გამოვრიცხოთ, რომ დათმობა არ მოუწიოთ სხვა სამინისტროების პოსტზე. მაგრამ დღეს ამ მხრივ შეიძლება „რესპუბლიკელების“ ბერკეტები ცოტა უფრო მოისუსტებდეს, ვიდრე მაშინ, როდესაც უშუალოდ პარლამენტის დასამტკიცებელი იყო მთავრობა და საჭირო იყო მათი სადეპუტატო ხმები. მათ შეიძლება თქვან, რომ ტოვებენ კოალიციას, თუ კიდევ დამატებით რაიმე პოსტს არ მისცემენ. „რესპუბლიკელები“ მაქსიმალურად ეცდებიან, რომ არჩევნებზე კოალიციის ფარგლებში გავიდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ კოალიცია კვლავ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით და იმიჯით ისარგებლებს და ეს „რესპუბლიკელებს“ გაცილებით უფრო მაღალ შანსებს აძლევს, მეტი დეპუტაცია გაიყვანონ პარლამენტში, ვიდრე დამოუკიდებლად გასვლის შემთხვევაში“,- აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები