ვაკო ფაჟავა: დაუშვებელია, სექსუალური უმცირესობები ქუჩაში აქციებს მართავდნენ (ვიდეო)
„ლგბტ-ს წარმომადგენლებს აქციის გამართვა არ გამოუვიდათ, თუმცა 17 მაისს კონცერტის გამართვას აპირებენ ისე, რომ არ ასაჯაროებენ კონცერტის ორგანიზატორებს, ისინი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვატორების“ წარმომადგენელმა ვაკო ფაჟავამ გააკეთა. ფაჟავას თქმით, დაუშვებელია სექსუალური უმცირესებობი ქუჩაში აქციებს მართვადნენ თუნდაც კონცერტის სახით, მით უმეტეს, რომ ამას აკეთებენ ფარულად და საზოგადოება არ არის საქმის კურსში, რას ეძღვნება იგი. უფლებადამცველის თქმით, 17 მაისს საზოგადოების ნაწილი ლგბტ პირების მიმართ კონტრაქციას კანცელარიასთან გამართავს.
„თავისუფლების მოედანზე უკვე დაიდგა სცენა და მიდის სამზადისი, თუმცა ფართო მასებმა არ იციან, რომ ამ კონცერტის ორგანიზატორი სექსუალური უმცირესობები არიან. მოვუწოდებ კონცერტის ორგანიზატორებს, საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში, თუ რას ეძღვნება ეს კონცერტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე დაპირისპირება მოხდეს. ამავე დღეს ჩვენ სახელმწიფო კანცელარიასთან, 12:00 საათზე კონტრაქციას გავმართავთ“,- განაცხადა ვაკო ფაჟავამ.
ლგბტ პირების მხრიდან 17 მაისის აღნიშვნას დაუშვებლად მიიჩნევს მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი ლაშა შუკაკიძე. შუკაკიძის განმარტებით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა და სექსუალურ უმცირესობებს უფლება არ აქვთ, ამ დღეს რაიმე აქცია გამართონ.
„17 მაისი პატრიარქმა ტრადიციული ოჯახის სიმტკიცისა და ერთიანობის დღედ აკურთხა. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, დაიცვას ოჯახის ერთიანობა, სიმტკიცე და მოვუწოდო, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილ კონტრაქციას შემოუერთდეს. დაუშვებელია საქართველოში გეიპარადები ტარდებოდეს. რომ არა მათი აქციები და პროვოკაციები, საქართველოში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს იმისას, რომ მათზე სადმე რაიმე ტიპის ძალადობა ხორციელდებოდეს“,- აღნიშნა ლაშა შუკაკიძემ.