თინა ხიდაშელი: მე მინდა საქართველო ნატოში მალე ვიხილო
მე მინდა საქართველო ნატოში მალე, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მისი ერთ-ერთი მთავარი საქმე და ამოცანა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა.
“ჩვენ ნატოს დროშა დავიყენეთ დღეს გვერდით ბევრი რამის ნიშნად – ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის და ეს არის ჩემი, როგორც მინისტრის ერთ-ერთი მთავარი საქმე და ამოცანა. მე არ მინდა ვინმეს რომელიმე მიმართულებით არასწორი მოლოდინები გაუჩნდეს, ამიტომ საუბარში ძალიან მოზომილი ვიქნები, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მოზომილი საუბარი გამოწვეულია იმით, რომ ვმართოთ მოლოდინები – არ გავაჩინოთ კიდევ უფრო მეტად წუხილი, ან პირიქით იმ ტიპის აღფრთოვანება, რომელმაც ასევე შეიძლება შემდეგ პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. მე მინდა საქართველო ნატოში მალე ვიხილო, ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის, როგორც პოლიტიკოსის, ამ წუთას პოლიტიკური და ჩემი როგორც თავდაცვის მინისტრის პოზიცია, მაგრამ “მალე” რას ნიშნავს კალენდრით, ეს რთული სათქმელია. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ვერ ვიღებთ მარტო და დამოუკიდებლად”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ალიანსს მოუწოდა, 2016 წლის ვარშავის სამიტზე ნატოს გაფართოება გამოცხადდეს და ალიანსის რიგებში ახალი წევრები, მათ შორის, საქართველოც მიიღონ.