„მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ თამარ კორძაიას ადგილი „რესპუბლიკელების“ ფრაქციაშია“

„თავის დროზე თამარ კორძაიამ „ქართული ოცნებიდან“ იყარა კენჭი, მაგრამ ეს კოალიციური გადაწყვეტილება იყო, მოვლენათა განვითარებამ კი ცხადყო, რომ მისი ადგილი „რესპუბლიკელების“ ფრაქციაშია“,- ასე გამოეხმაურა დეპუტატ თამარ კორძაიას „რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქციაში გადასვლას საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი.
როგორც ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კორძაიას ხედვები უფრო მეტ თანხვედრაში სწორედ „რესპუბლიკელებთან“ იყო.
„თამარ კორძაიამ არჩევანი გააკეთა. ის რჩება უმრავლესობაში, მან თავისი საქმიანობა „რესპუბლიკელების“ ფრაქციას და „რესპუბლიკურ პარტიას“ დაუკავშირა, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ასეთი რამ ხდება, ეს ბუნებრივი პროცესია. როცა თამარ კორძაია ჯერ კიდევ არ იყო ჩვენი ფრაქციის წევრი, მაინც მას ყველა ისე იხსენიებდა, როგორც „რესპუბლიკელს“, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების აღქმით მისი ხედვები თანხვედრაში იყო „რესპუბლიკურ პარტიასთან“, ამიტომ მისი „რესპუბლიკელების“ ფრაქციაში გადასვლა სრულიად ბუნებრივია. ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგან ვთვლი, რომ ჩემი პარტიის ფრაქციის წევრი ერთ- ერთი კვალიფიციური პარლამენტარი გახდა“, – აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ხშირად ხდება, რომ კოალიციის შიგნით „რესპუბლიკელებს“ გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა საკრებულოს დეპუტატი თვლის, რომ ეს ბუნებრივია, რადგან შეუძლებელია სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ყველაფერში ერთმანეთს ეთანხმებოდნენ.
„გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში „რესპუბლიკელებს“ კოალიციის გუნდის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ეს კოალიცია შეიქმნა რაღაცისთვის და არა ერთიანი ღირებულებებით, საერთო ღირებულებები, რაც კოალიციას აერთიანებს და თავის დროზე დაუპირისპირდა სააკაშვილის რეჟიმს, ეს ყველაფერი მოცემულია ჩვენს სადამფუძნებლო დოკუმენტში. იქ ნათქვამია, თუ რის საფუძველზე ვართ ერთად. დანარჩენ ბევრ საკითხში გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები და ეს სრულიად ბუნებრივია. სასურველია, რომ მეტი თანხვედრა იყოს, მაგრამ შეუძლებელია ყველაფერში ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ “,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კოალიციის წევრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ რამდენიმე დღის წინ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა და ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ ფრაქციას შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები