პრეზიდენტმა ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა
შეუძლებელია დღეს ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის წევრებს და ახლობლებს პირადად მიუსამძიმრეს. ისინი რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ.
“შეუძლებელია დღეს ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი, შეიძლება გაიზიარო მათი უზარმაზარი ტკივილი. მთელი ქართველი საზოგადოების სახელით მივუსამძიმრე. დიდი დანაკლისია, რომელსაც ვერაფერი ვერ გადაფარავს. ჩვენ – ყველა თანამოზიარე ვართ ამ დიდი ტრაგედიის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში უკვე მე-4 დღეა რაც ანსამბლ “სიხარული 2″-ის წევრი ბავშვების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” ხანძარმა სამი ბავშვი იმსხვერპლა. რუსთავის ცეკვის ანსამბლი “სიხარული 2” ქობულეთში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი იმ ოთახში დამონტაჟებული კონდიციონერების სადენებიდან გაჩნდა, რომელშიც დაღუპული ბავშვები იყვნენ დაბინავებული.