“შსს აკადემია” საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში გასამარჯვებლად ბოლომდე იბრძოლებს”
„შსს აკადემიასა“ და „ბათუმს“ შორის დღეს, 14 :00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში ნახევარფინალური სერიის მომდევნო შეხვედრა გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალთბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში „ბათუმი“ დიდი უპირატესობით, ანგარიშით 106:84 დაამარცხა.
როგორც აკადემიის კალათბურთის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინე ტუღუშმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, „შსს აკადემიას“ დღეს ბათუმის კიდევ ერთხელ დამარცხების შემთხევაში, საშუალება მიეცემა მომდევნო შეხვედრებზე უკვე ბათუმში იასპარეზოს.
„ეს გუნდი მე 2014 წელს ჩავიბარე, იყო დიდი პრობლემები, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობით და გუნდის ძალისხმევით ეს პრობლემები მოგვარდა. ეს გუნდი ამ სეზონის მომზადების დროს 2014 – 2015 საქართველოს ჩემპიონატისთვის დაკომპლექტდა. ჩვენ უკვე ფინალურ ეტაპზე გადავედით. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ სოხუმის გუნდი და წარმატებით გავიარეთ მეოთხედფინალი. ახლა ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო, სადაც ჩვენი მეტოქე ბათუმია. სერიაში ვიგებთ 1:0, ჯამში კი ეს სერია სამ მოგებამდეა. დღეს ამ სერიის მეორე მატჩი გაიმართება. ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს ჩემპიონი. გუნდი მაქსიმალურად არის მობილიზებული და ფინალისკენ მიზანმიმართულად მიიწევს. ვეცდებით სამ გამარჯვებამდე დავაგროვოთ და საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თამაში გავინაღდოთ. საქართველოს ჩემპიონატში ჩვენი გუნდი ერთადერთია, რომელიც მხოლოდ ქართველი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული და ლეგიონერი არ ჰყავს“,- აღნიშნა კონსტანტინე ტუღუშმა.
საქართველოს ჩემპიონობის გარდა, როგორც აღმოჩნდა, გუნდს უფრო შორი ხედვები აქვს და მომავალში ასპარეზობას ევროტურნირებზე გეგმავს. როგორც შსს აკადემიის გუნდის მწვრთნელმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდს იმედი აქვს, რომ ხელმძღვანელობაც, კალათბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც გუნდს გვერდით დაუდგება და შსს აკადემიას გუნდის ძალისხმევითა და სახელმწიფოს თანადგომით, ევროტურნირებზე მონაწილეობის საშუალება მიეცემა.
„სახელმწიფოს ჩართულობით წელს კალათბურთის განვითარების პროექტი დაიწყო. შედეგები უკვე აისახა საქართველოს ჩემპიონატზე, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობს, მაგრამ კალათბურთის განვითარება ევროტურნირების გარეშე ძალიან რთული იქნება. საქართველოს კლუბები ევროტურნირებს უნდა დაუბრუნდნენ“, – აღნიშნა კოტე ტუღუშმა.
მანამ, სანამ კალათბურთის ქართული კლუბები ევროტურნირებზე იასპარეზებენ, აქტიურად ემზადებიან. როგორც შსს აკადემიის გუნდის წევრმა რევაზ როგავამ განმარტა, ბათუმი, ისევე როგორც ჩემპიონატზე მოთამაშე ყველა გუნდი, საკმაოდ ძლიერია, თუმცა „შსს აკადემია“ მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული.
„რვავე გუნდი თანაბარი გუნდია, თანაბარი დაფინანსებით. ბათუმის თამაშისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონია. ეს დაძაბული სერია და სოხუმთან თამაში კი მომდევნო თამაშებში დაგვეხმარება. ბათუმი საკაოდ კარგი გუნდია, თუმცა ჰყავთ ტრავმირებული მოთამაშეებიც და თამაშის დატვირთვა 5 მოთამაშეზე გადადის. მათ სამი ლეგიონერი ჰყავთ, კარგად თამაშობენ, თუმცა ვეცდებით ჩვენ ვითამაშოთ ისე, რომ მათ თავიანთი პლუსები არ გამოვაყენებინოთ. ვეცდებით, საკუთარ მოედანზე გავიმარჯვოთ და შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სერია 3:0 დავასრულოთ. აქაც და ბათუმშიც გამარჯვებისთვის ვითამაშებთ“,- აღნიშნა რევაზ როგავამ.