„ყულევში კარბამიდის ქარხნის პროექტის შეჩერებისას სუბიექტურ ფაქტორებს გავლენა არ მოუხდენია“
საქართველოში „სოკარის“ მიერ კარბამიდის ქარხნის მშენებლობის შეჩერება ენერგეტიკულ ბაზარზე კონიუნქტურის ცვლილებას, გრძელვადიან გაზის მიწოდების უზრუნველყოფას და სხვა საკითხებს უკავშირდება.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Day.Az იტყობინება, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაგიფ ალიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, „სოკარი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ „ამ გადაწყვეტილების მიღებისას არანაირ სუბიექტურ თუ სახვა ფაქტორებს გავლენა არ მოუხდენია“. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში მასმედიასა და სოციალურ ქსელებში გაუმართლებელი, სინამდვილესთან შეუსაბამო სპეკულაციური ინფორმაციები ვრცელდება.
როგორც „სოკარის“ ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, ამ პროექტზე მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა „აღნიშნული საკითხების წამოჭრის შემდეგ პროექტი გადაიხედა და მისი შეჩერება გადაწყდა“.
ქარხნის მშენებლობა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ყულევში იგეგმებოდა. „სოკარმა“ ყულევში კარბამიდის ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2012 წლის 18 სექტემბერს ჩაუყარა და ქარხანა ექსპლუატაციაში 2016 წლის ბოლომდე უნდა შესულიყო. ქარხანას ყოველდღიურად 1 200 ტონა ამიაკი და 2 000 ტონა კარბამიდი უნდა გამოეშვა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებად 100 მილიონი აშშ დოლარი დასახელდა.
კარბამიდის ქარხნის მშენებლობის დროებით გაყინვაზე ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ SOCAR-ის პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.
“ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩვენ ვერ გამოგვივიდა გარკვეული სახის მოლაპარაკებების დასრულება საქართველოს ხელისუფლებასთან“, – განაცხადა აბდულაევმა.