გიორგი ქადაგიძე: საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით ლარის კურსის გაუფასურებას

„ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები ამოწურულია“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები არის ამოწურული და საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით კურსის გაუფასურებას სხვა თანაბარ პირობებში”, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება, მოკლევადიან მერყეობებს და იმ გაუფასურებებს, რომელსაც ადგილი აქვს, გიორგი ქადაგიძის თქმით, მასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას.

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მოლოდინები და სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით მოლოდინები არის გადაჭარბებულად უარყოფითი, რაც მოქმედებს გაუფასურების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ბაზრის ის მონაწილეები ვისაც დოლარი აქვს გასაყიდი, ისინიც კი თავს იკავებენ გაყიდვისგან იმის გამო, რომ მათ აქვთ მოლოდონი, რომ მოკლე ვადაში კურსს ექნება გაუფასურების მიმართულება. ეს მოლოდინი იწვევს კურსის ერთის მხრივ, წონასწორულზე მაღალ წერტილზე ასვლას და შემდგომ ამას ყოველთვის მოჰყვება გამყარება და ჩვენ დეკემბერში გვქონდა ასეთი ნახტომი”, – განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე ინფორმაციით, მოლოდინებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის განცხადებები, რომელიც კეთდება ბოლო თვეების განმავლობაში ამ საკითხის ირგვლივ.

“ასეთი განცხადებები პოზიტიურ ჭრილში არ მოქმედებს და ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის პასუხიმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ, ამა თუ იმ პროცესის შეფასების დროს”, – აღნიშნა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები