როგორ დაეხმარება სახელმწიფო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შსს-ს მოსამსახურეების ოჯახებს?

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის და მის თანამდევ „პოლიციის შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებები შედის. კანონპროექტთა აღნიშნული პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული პროექტის მიზანია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შსს-ს მოსამსახურეების ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მათთვის დამატებითი სოციალური გარანტიების შექმნა.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, 1000-ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია დაუწესდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს გმირულად დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახებს. მომხსენებლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსის, ზვიად ოქოპირიძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება და ასეთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვის ნებისმიერი შემთხვევა ითვლება.

„სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებად ითვლება როგორც ავტოავარიაში დაღუპვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაცვალება, ასევე ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული: საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ჩატარებასთან; სამართალდარღვევის აღკვეთასთან; დამნაშავის შეპყრობასა და დადევნებასთან; დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებასთან; სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმასთან და მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენასთან“, – განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.

მომხსენებლის განმარტებით, სამსახურებრივ მოვალეობათა ასეთი შემთხვევები ყოველთვის არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისადმი გარდაცვლილი მოსამსახურის განსაკუთრებულ როლთან და მის განსაკუთრებულ დამსახურებასთან.

„თითოეული ასეთი შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღებისა და ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. გმირულად დაღუპული სამართალდამცავების ოჯახებზე ზრუნვა და მათი პატრონობა სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს. ამდენად, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სამართლებრივი გარემო, სადაც ღირსეულად და ჯეროვნად იქნება დაცული საგანგებო და ექსტრემალურ ვითარებაში სამინისტროს დაღუპულ მოსამსახურეთა ოჯახების სოციალური უფლებები“, – განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.

კანონპროექტის მიხედვით, კომპენსაციის მიმღები პირები არიან მეუღლეები, მშობლები და 18 წლამდე ასაკის, ასევე, შრომისუუნარო შვილები. ამასთან, კანონის 381-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, 2013 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად დარიცხული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზაციას ექვემდებარებოდა. წარმოდგენილი პროექტი კი, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა სოციალური პირობების გაუმჯობესების ინტერსებიდან გამომდინარე, აღნიშნული ვადის 2015 წლის პირველ ივნისამდე გადაწევას ითვალისწინებს. გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდშიც, სხვა კომპენსაციასა და პენსიასთან ერთად. პროექტის თანახმად, კანონის ამოქმედების შემდგომ, ზედმეტად (არასწორად) დარიცხული თანხების დაბრუნების ვადლებულებისაგან განთავისუფლდება 45 პირი და ლეგალიზაციას დაექვემდებარება დაახლოებით 432 450 ლარი.

„პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლს ემატება მე-11 და მე-3 პუნქტები, რომელთა თანახმადაც: – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით. კომიტეტების წევრებმა მოიწონეს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი და მის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები