„უნიმედ აჭარამ” შუახევში გარდაცვლილი ახალგაზრდის მომსახურება დროულად ვერ განახორციელა”
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შუახევში გარდაცვლილი პაციენტის დავით დავითაძის საქმეზე წინასწარი მოკვლევა დაასრულა და დასკვნა გაასაჯაროვა.
სააგენტოს დასკვნის თანახმად, ”უნიმედ აჭარამ” პაციენტისთვის ადეკვატური მომსახურება დროულად და ოპერატიულად ვერ განახორციელა. რეგულირების სააგენტომ დაადგინა, რომ საავადმყოფო არ არის აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო მოწყობილობით და დარღვეულია სამედიცინო იარაღების სტერილიზაციის მეთოდი. დასკვნაში ნათქვამია, რომ “უნიმედ აჭარამ” ვერ უზრუნველყო ქირურგიული სერვისები. შუახევში პაციენტის გარდაცვალების საქმეზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, “ევექსისთვის” მართვის უფლების ჩამორთმევა არ გამორიცხა.
“თუ ეს ყველაფერი არ გამოსწორდა, შემდეგი ნაბიჯია გაზრდილი ფინანსური სანქცია. თუ ამ შემთხვევაშიც არ გამოსწორდა, უკვე მართვის უფლების ჩამორთმევა მოხდება. მე მჯერა, რომ მმართველი კომპანია აქამდე არ მიიყვანს საქმეს,” – განმარტა დავით სერგეენკომ.
საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე კომპანია “ევექსი” განმარტებებს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, შუახევში, კომპანია “ევექსში“ 24 წლის დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი, გახდა ის, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები არ აღმოჩნდნენ.