თინა ხიდაშელი ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის განცხადებას, რომლის თანახმადაც ნატო ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას აქტიურად არ განიხილავს. ხიდაშელის თქმით, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ მოსახლეობას გადამეტებული მოლოდინი არ უნდა შეუქმნას, როგორც ეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა.
,,ეს ერთ-ერთი თემაა, რის გამოც ჩვენ წინა ხელისუფლებას ვუპირისპირდებოდით, როდესაც წარმოუდგენლად და გაუგონრად იყო გაზრდილი მოლოდინები, იგივე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ყოველ დილით ქართველები იმ მოლოდინით იღვიძებდნენ, რომ ნატოს წევრები გავხდებოდით და გაბრაზებულები იძინებდნენ, რატომ არ გავხდით იმ დილით ნატოს წევრებიო. ამას ჩვენი ხელისუფლება არც ერთი წამით არ აპირებს“,- აღნიშნავს ხიდაშელი.
ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ქართულ-ამერიკული წვრთნების ჩატარება.
„ის ქართულ-ამერიკული წვრთნები, რომელიც ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ეხმარება და ჩვენი უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად დაცვას უზრუნველყოფს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.