რიჩარდ ნორლანდი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა არის ერთიანი და მშვიდობიანი
მეორე მსოფლიო ომის ფერფლიდან შეიქმნა ახალი სტრუქტურები და სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას და რომლებიც დღეს გამოწვევის წინაშეა – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნორლანდი ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ქვეყანაში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე იმყოფებოდა. როგორც რიჩარდ ნორლადმა აღნიშნა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა არის ერთიანი და მშვიდობიანი.
“დიდი პატივია ჩემთვის წარმოვადგენდე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ამ ღონისძიებაზე აშშ-ის სამხედრო ატაშესთან ერთად. 70 წლის წინ დასრულდა ევროპის ისტორიაში ყველაზე საშინელი ომი, რომელმაც შეიწირა მილიონობით ადამიანი, ხოლო ასობით ათასმა სამხედრომ თავი გაწირა. ამ ომის ფერფლიდან შეიქმნა ახალი სტრუქტურები და სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას და რომლებიც დღეს გამოწვევის წინაშეა. ჩვენ ეს დღე კიდევ ერთხელ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უსაფრთხოების ეს სისტემები გავაძლიეროთ. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ომის შემდეგ ევროპა არის ერთიანი და მშვიდობიანი”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე თქმით, მეორე მსოფლიოში მისი ოჯახიდან მამა და სიმამრიც იბრძოდნენ.