ნინა ხატისკაცი “ახალი ღვინის ფესტივალი 2015”-ის გახსნას დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი “ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ის” გახსნას დაესწრნენ.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რესტორან “ფუნიკულიორში” გაიმართა. ირაკლი ბერეკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“საქართველოში შემოსული ტურისტების უმრავლესობა პირველად დედაქალაქში ეცნობა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, ჩვენს ყოველდღიურობაში კი ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დიდი სურვილი გვაქვს თბილისის სახელი პირდაპირ იყოს დაკავშირებული და ასოცირებული ქართულ ღვინოსთან და მოხდეს მისი ამ თვალსაზრისით წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ჩვენი მხრიდან კარგად ვაცნობიერებთ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. მერია მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს ამ მიმართულების გასაძლიერებლად”,-განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.
“ახალი ღვინის ფესტივალი 2015” საქართველოს “ღვინის კლუბის” ორგანიზებით იმართება. ფესტივალი სამდღიანია. 9 მაისს დედა ენის ბაღში ღვინის 60-მდე მსხვილი კომპანია და მცირე მარანი, 55 საოჯახო მარანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ბოლო მოსავლის ღვინოებს წარმოადგენს. 10 მაისს კი უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებისთვის ქართლსა და კახეთში ღვინის ტურები მოეწყობა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კომპანია „ბორჯომი“. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები