დავით ნარმანია ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენას დაესწრო

„ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს“ – ევროკავშირის დღის აღსანიშნავად ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში ნარმანიამ აღნიშნა, რომ გამოფენა ნათლად ასახავს ევროპასა და საქართველოს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს, როგორც სოციალურ-კულტურულ სფეროში, ისე ეკონომიკის ცალკეული მიმართულებებით.
„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ისტორიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ჩვენი მომავალი ადგილი სწორედ ევროპაშია“ – განაცხადა მერმა.
ეროვნულ გალერეაში გამართული ფოტოგამოფენა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გახსნა. გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, პროექტი „ერთად შევეგებოთ ევროპას“ და საქართველოს ეროვნული არქივი.
საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციიდან გამოფენაზე წარმოდგენილი ადრეული ფოტოები იმ ადამიანების ისტორიას ასახავს, რომლებიც ქვეყნის განვითარების მომავალს ევროპული ღირებულებების კონტექსტში ხედავენ. მე-20 საუკუნის შუა და გვიანი პერიოდის ევროპულ-ქართული კულტურულ პოლიტიკური მიმოსვლის ქრონოლოგიას პრესის ფოტოგრაფები გადმოსცემენ. ეროვნულ გალერეაში გამოფენა 27 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები