თბილისის მერიაში საგზაო-სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში რიგით საგზაო-სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო ჯგუფის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარ თემას მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარების სტრატეგიის განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საცობების აპლიკაციის პროექტს, რომელიც თბილისის მერიის სსიპ ,,ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა” შეიმუშავა. შეხვედრაზე, ასევე გაიმართა ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” პროექტის – ,,მეგობრული გზების” პრეზენტაცია.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სხვადასხვა ორგანიზაციისა და დარგობრივი სპეციალისტის ჩართვა, მათი გამოცდილების გაზიარება აამაღლებს საგზაო, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მერიის მუშაობის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების დროულ გადაჭრასა და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას.
საგზაო – სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო ჯგუფი თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინიციატივით შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი აერთიანებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, დარგში მომუშავე ექსპერტებს.
საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ჯგუფი ინტენსიურად იმუშავებს საგზაო, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრაზეც.